სანტექნიკოსი ხარ? აი, როგორ იშოვო მეტი კლიენტი ღამის 11 საათზეც
ღამის თერთმეტ საათზე კლიენტი სანტექნიკოსებს არ ადარებს. იმას იჭერს, ვინც ახლოსაა და ვინც ტელეფონს პასუხობს. აი, ორი რამ, რაც ამას წყვეტს.

ღამის თერთმეტი საათია. ვიღაცის სამზარეულოში მილი გასკდა და წყალი უკვე დერეფანში გადის.
ის ამ წუთში საუკეთესო სანტექნიკოსს არ ეძებს. ნაცნობებში არავის ურეკავს, ფასებს არ ადარებს და არც იმაზე ფიქრობს, ვის რამდენი წლის გამოცდილება აქვს.
ტელეფონს იღებს, წერს „სანტექნიკოსი ახლოს" და პირველივე ნომერს აკრეფს. დაკავებულია. მეორეს აკრეფს. არავინ პასუხობს. მესამე მეორე ზარზევე უპასუხებს და ორმოც წუთში უკვე იმ სამზარეულოშია.
მესამე შენზე უკეთესი ხელოსანი არ ყოფილა. ის უბრალოდ იპოვეს და მან ტელეფონს უპასუხა.
შემდეგ 3 წუთში გაჩვენებ, სად იკარგება ეს ზარები და რა ორი რამის გამოსწორება შეგიძლია უკვე ამ კვირაშივე.
წყალწაღებული ხავსსაც ეჭიდება
არსებობს ბიზნესი, სადაც კლიენტი დიდხანს ირჩევს: ეძებს, ადარებს, ნაცნობებს ეკითხება და მთელ კვირას ფიქრობს.
სანტექნიკა ასეთი ბიზნესი არ არის.
შენთან მაშინ რეკავენ, როცა უკვე გვიანია. წყალი მიდის, ონკანი არ იკეტება, გათბობა შუა ზამთარში ჩაქრა. ამ დროს ადამიანი აღარ ირჩევს, არამედ იმას იჭერს, რაც პირველად ხელში მოხვდება.
შენს ბაზარზე კლიენტი საუკეთესოს კი არა, ხელმისაწვდომს ირჩევს.
შეიძლება იკითხო, გამოდის, ჩემი ხელობა არაფერს ნიშნავს? ნიშნავს, უბრალოდ ცოტა მოგვიანებით. ხელობა იმ კლიენტს გაგიჩერებს, ვინც უკვე შენთან მოვიდა. მაგრამ სანამ ის შენამდე მოვა, ჯერ უნდა გიპოვოს და ჯერ უნდა დაგირეკოს.
და სწორედ ამ ორ ნაბიჯზე კარგავ იმ ზარებს, რომლებზეც ვერასდროს გაიგებ.
1. რუკაზე გამოჩნდი, თორემ არ არსებობ
ღამის თერთმეტ საათზე შენს პოტენციურ კლიენტს Facebook არ გაუხსნია და ვებსაიტიც არ მოუძებნია. მან ტელეფონში ჩაწერა „სანტექნიკოსი" და შეხედა მხოლოდ იმას, რაც Google Maps-ში გამოჩნდა.
თუ იქ არ ხარ, მისთვის შენ არ არსებობ. ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ ეს ადგილი ფულს არ ითხოვს: Google Business Profile უფასოა და ერთ საღამოში ივსება.
სამი დეტალი, რომელიც ამ პროფილში ყველაზე მეტს წყვეტს.
პირველი, კატეგორია. თუ „სამშენებლო კომპანია" მიუთითე, სანტექნიკოსის ძებნაზე ვერ გამოჩნდები. კატეგორიაში ზუსტად ის სიტყვა უნდა ეწეროს, რასაც კლიენტი წერს.
მეორე, სამუშაო საათები. Google წინ იმას აჩვენებს, ვინც ძებნის მომენტში ღიაა. თუ ღამის ზარებს მართლა იღებ, ეს პროფილშიც უნდა ჩანდეს. ხოლო თუ არ იღებ, ნუ დაწერ, რომ იღებ (ერთი უპასუხო ღამის ზარი მეორე დღეს ერთ ცუდ შეფასებად გადაიქცევა).
მესამე, შეფასებები. ორ სანტექნიკოსს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ერთ კილომეტრში დგანან, კლიენტი მას აირჩევს, ვისაც თორმეტი შეფასება აქვს და არა მას, ვისაც არც ერთი. ამიტომ ყოველი დამთავრებული სამუშაოს შემდეგ ბმული ადგილზევე გაუგზავნე.
ეს პროფილი ერთადერთი რამაა, რაც შენს ნომერს ხელმისაწვდომს ხდის მაშინ, როცა ვიღაც ხელს იშვერს.
2. ვინც პასუხობს, ის იღებს შეკვეთას
ახლა ყველაზე უსამართლო ნაწილი: ამ ზარებს იმიტომ კარგავ, რომ მუშაობ.
ხელები მილშია, ხმაურია და ტელეფონი ჯიბეში რეკავს. ვერ პასუხობ და ეს სრულიად ნორმალურია. პრობლემა ისაა, რომ იმ კაცს დერეფანში წყალი უდგას და შენს პასუხს არ დაელოდება. ორ წუთში სამ სხვა ნომერზე დარეკავს.
ღამის ზარზე პასუხი ერთ საათში იგივეა, რაც პასუხის საერთოდ არ გაცემა.
გამოსწორება მარტივია და ერთხელ კეთდება. ტელეფონში წინასწარ შეინახე ერთი მოკლე ტექსტი და პირველივე თავისუფალ წუთში გაუგზავნე ყველას, ვისაც ვერ უპასუხე: „გამარჯობა, ახლა ობიექტზე ვარ. 20 წუთში დაგირეკავთ. თუ სასწრაფოა, მომწერეთ რა მოხდა და გამომიგზავნეთ ფოტო."
ეს ერთი წინადადება ორ საქმეს აკეთებს. ჯერ ერთი, კლიენტი ძებნას წყვეტს, რადგან უკვე იცის, რომ ვიღაცამ დაინახა. და მეორეც, სანამ მანქანამდე მიხვალ, ფოტოც გექნება და პრობლემაც გეცოდინება (ხოლო თუ საქმე შენი არ არის, ქალაქის ბოლოში ტყუილად აღარ წახვალ).
დანარჩენი უკვე ჩვევაა: ყოველი ობიექტის ბოლოს შეხედე გამოტოვებულ ზარებს და მაშინვე დაბრუნდი უკან. ათ წუთში დაბრუნებული ზარი ჯერ კიდევ შენი კლიენტია. ერთ საათში დაბრუნებული ზარი უკვე სხვისი კლიენტია.
დასკვნა
სანტექნიკოსის ბაზარზე შეკვეთას ყოველთვის საუკეთესო არ იღებს. მას ის იღებს, ვინც იმ წუთში ხელმისაწვდომია.
პროფილი Google-ზე ერთ საღამოში ივსება. სატელეფონო ჩვევა ერთ კვირაში ყალიბდება. ორივე ერთხელ კეთდება და შემდეგ თავისით მუშაობს, ყოველ ღამეს.
ხელობით კლიენტს ინარჩუნებ. მაგრამ სანამ შეინარჩუნებ, ჯერ ხელში უნდა მოხვდე.
შემდეგ შეხვედრამდე,
რატი
P.S. გაინტერესებს ჩვენ რას გავაკეთებდით შენთვის?
დაგვიკავშირდი დღესვე და თუ შევეფერებით, მე თავად მოვხაზავ გეგმას, თუ რისი გაუმჯობესება შეიძლება შენთვის, შემდგომ კი დეტალურად გაგაცნობ ტელეფონზე.
ამის შემდეგ, თუ მოისურვებ თანამშრომლობას, გეტყვი რითი დავიწყებთ. თუ არ გენდომება თანამშრომლობა, არც ეგ არის პრობლემა.
არანაირი ზეწოლა ან უხერხული მომენტი.
მისაღებია? მაშინ შეავსე განაცხადი და 24 საათის განმავლობაში უკვე დაგიბრუნდებით პასუხით.