ბიზნესის დამატება Google Maps-ზე: როგორ გამოჩნდე რუკაზე უფასოდ
Google Maps-ზე ბიზნესის დამატება და გუგლში მისამართის დამატება უფასოა: ქმნი Google Business Profile-ს, ადასტურებ და პირველივე კვირაში სრულად ავსებ.

14 ოქტომბერს თბილისში ერთი სათადარიგო ნაწილების მაღაზიის Google Maps-ის პროფილი გავხსენი. კატეგორია მხოლოდ ერთი ჰქონდა. სერვისი არცერთი. ვებსაიტი არც.
და მაინც, როცა რუკის 81 სხვადასხვა წერტილიდან შევამოწმეთ, ნაწილების ძიებაზე 73 წერტილში პირველ სამეულში ჩანდა. საშუალო ადგილი: 2.40. (პირველი ადგილი, სხვათა შორის, კონკურენტს ეკავა, რომელსაც 117 შეფასება ჰქონდა.)
Google Maps-ზე ბიზნესის დამატება აბრის დაკიდებაა. აბრა ამბობს, რომ მაღაზია აქ არის. რა იყიდება შიგნით, ამას თაროები ამბობს. ამ მაღაზიას აბრა ეკიდა, თაროები კი ცარიელი ჰქონდა. შემდეგ 3 წუთში გაჩვენებ, როგორ დაკიდო აბრა სწორად და რით გაავსო თაროები პირველივე კვირაში.
როგორ დავამატოთ ბიზნესი Google Maps-ზე?
ბიზნესს Google Maps-ზე Google Business Profile-ით ამატებ. შედი business.google.com-ზე შენი Google ანგარიშით, ჩაწერე ბიზნესის სახელი, აირჩიე მთავარი კატეგორია და მიუთითე მისამართი ან მომსახურების არეალი. ამის შემდეგ Google ბიზნესის დადასტურებას მოგთხოვს.
მთავარ კატეგორიას ჩქარა ნუ აირჩევ. აირჩიე ყველაზე ზუსტი, თუნდაც სიაში მეხუთე იყოს. ის Google-ს ეუბნება, ვინ ხარ.
სანამ ახალ პროფილს შექმნი, ჯერ Google Maps-ში შენი ბიზნესის სახელი მოძებნე. შეიძლება პროფილი უკვე არსებობდეს. თუ ასეა, ახალს ნუ შექმნი, არსებულის მფლობელობა მოითხოვე. ერთ ბიზნესს ერთი პროფილი უნდა ჰქონდეს.
რა ღირს Google Maps-ზე გამოჩენა?
არაფერი. Google Business Profile-ის შექმნა და მართვა უფასოა, ამას Google თავის დახმარების გვერდზე წერს. გუგლში მისამართის დამატებისთვის არც გამოწერა გჭირდება და არც ბარათი.
ამიტომ, თუ ვინმე „Google-ში რეგისტრაციას" ფასიან პაკეტად გთავაზობს, იცოდე: აბრას Google უფასოდ გაძლევს. ფულს და დროს თაროების გავსება ითხოვს, ანუ ფოტოები, სერვისების აღწერა, შეფასებები და ის, რომ პროფილი ყოველ კვირას ცოცხალი იყოს.
თუ ამას თავად ვერ ასწრებ, ჩვენთან, Concept Nile-ში, SEO თვეში 1350₾-დან იწყება და ეს საწყისი პაკეტი სწორედ ადგილობრივი ბიზნესებისთვისაა. ყველა პაკეტი და რა შედის თითოეულში: SEO პაკეტები და ფასები.
როგორ ხდება ბიზნესის დადასტურება (ვერიფიკაცია)?
დადასტურების გზას Google თავად ირჩევს და მას ვერ შეცვლი. ეს შეიძლება იყოს ვიდეო, ტელეფონზე ან SMS-ით მოსული კოდი, ან ფოსტით გამოგზავნილი კოდი. რომელი გამოჩნდება, ბიზნესის ტიპზე, საჯარო ინფორმაციასა და რეგიონზეა დამოკიდებული.
სანამ დადასტურება არ დასრულდება, პროფილს ბოლომდე ვერ მართავ. Google-ის მიხედვით, სახელის ან სამუშაო საათების შესაცვლელად და კლიენტებთან საურთიერთოდ ბიზნესი დადასტურებული უნდა იყოს.
თუ ვიდეოთი დადასტურება შემოგთავაზა, Google თავად გირჩევს ამ გზას. და ერთი წესი, რომელსაც ბევრი არღვევს: თუ კოდი ფოსტით მოგდის, სანამ არ მოვა, სახელს, მისამართს და კატეგორიას ნუ შეცვლი. Google-ის დადასტურების გვერდზე წერია, რომ ასე გამოგზავნილი კოდი აღარ იმუშავებს.
მისამართი უნდა ვაჩვენო, თუ გამოძახებით ვმუშაობ?
არა. თუ კლიენტებს შენს მისამართზე არ იღებ, Google თავად გთხოვს, რომ მისამართი პროფილიდან მოაშორო და მის ნაცვლად მომსახურების არეალი მიუთითო: უბნები ან ქალაქები, სადაც გამოდიხარ.
თუ სახელოსნოც გაქვს, სადაც კლიენტს იღებ, და გამოძახებითაც მუშაობ, ორივე მიუთითე. ხოლო თუ სანტექნიკოსი ან ელექტრიკოსი ხარ და სახლიდან მუშაობ, შენი სახლის მისამართი რუკაზე არავის სჭირდება.
რატომ არ ჩანს ჩემი ბიზნესი ძიებაში, თუმცა დავამატე?
თუ ბიზნესი დაამატე და მაინც არ ჩანს, ჯერ ორი რამ შეამოწმე: დადასტურებულია თუ არა პროფილი და რამდენად სრულადაა შევსებული. Google ადგილობრივ შედეგებს სამი რამით ალაგებს: რამდენად შეესაბამება პროფილი ძიებას, რამდენად ახლოსაა ბიზნესი მძებნელთან და რამდენად ცნობილია ის.
მანძილს ვერ შეცვლი. შესაბამისობა კი მთლიანად შენს ხელშია. იმავე მაღაზიაზე ეს კარგად ჩანდა. ნაწილების ძიებაზე საშუალოდ 2.40 ადგილზე იყო. შეკეთების ძიებაზე კი იმავე პროფილის საშუალო ადგილი 6.16 აღმოჩნდა. Google-ის ძიებაში რუკის ქვეშ სამი ბიზნესი ჩანს, მეექვსე კი იქ ვერ ხვდება.
ერთი პროფილი, ორი სრულიად სხვა შედეგი. შეიძლება იკითხო, რატომ? იმიტომ, რომ ცარიელი პროფილი Google-ს ბევრს ვერაფერს ეუბნება.
Google იმ ძიებაზე გაჩვენებს, რაზეც შენი პროფილი ლაპარაკობს.
რა უნდა შევავსო პირველივე კვირაში?
პირველ კვირაში ეს შეავსე: სწორი მთავარი კატეგორია (და დამატებითი, თუ სხვა საქმესაც აკეთებ), ყველა სერვისი ცალ-ცალკე, ვებსაიტის ან სოციალური ქსელის ბმული, სამუშაო საათები და შენი სამუშაოს რეალური ფოტოები. ეს შენი თაროებია.
ყველა სერვისს ერთ ზოგად სიტყვაში ნუ ჩაყრი. ვთქვათ, სანტექნიკოსი ხარ: „ონკანის შეცვლა", „მილის გაჟონვის შეკეთება" და „ბოილერის მონტაჟი" სამი ცალკე სერვისია. თითოეული ცალკე თაროა.
ჩვენს მაღაზიას აქედან სამი თარო ცარიელი ჰქონდა: ერთი კატეგორია, ნული სერვისი, საიტი არა. სწორედ ამით დავიწყეთ.
შემდეგ შეფასებებია. პირველ ადგილზე მყოფ კონკურენტს 117 შეფასება ჰქონდა. ასეთი რიცხვი ერთ კვირაში არ გროვდება, მაგრამ პირველივე კვირიდან შეგიძლია ყველა კლიენტს, ვისაც სამუშაო დაუსრულე, შეფასება სთხოვო. რატომ ღირს ამ ყველაფერზე დროის დახარჯვა, ამაზე ცალკე დავწერე: რას მოგცემს Google Business Profile, რასაც სხვა ვერაფერი.
დასკვნა
Google Maps-ზე ბიზნესის დამატება უფასოა და შექმნას ერთი საღამო სჭირდება. დადასტურების გზას Google ირჩევს, შენ მხოლოდ მის ინსტრუქციას მიყვები. მთავარი სამუშაო ამის მერე იწყება.
ჩვენს მაღაზიას აბრა ეკიდა და ცარიელი თაროებით ერთ ძიებაზე პირველ სამეულში ჩანდა, მეორეზე კი მეექვსე იყო. აბრა ორივე ძიებაზე ერთი და იგივე იყო. განსხვავება თაროებში იყო.
აბრა უფასოა. კლიენტს თაროები მოიყვანს.
შემდეგ შეხვედრამდე,
რატი
P.S. გაინტერესებს ჩვენ რას გავაკეთებდით შენთვის?
დაგვიკავშირდი დღესვე და თუ შევეფერებით, მე თავად მოვხაზავ გეგმას, თუ რისი გაუმჯობესება შეიძლება შენთვის, შემდგომ კი დეტალურად გაგაცნობ ტელეფონზე.
ამის შემდეგ, თუ მოისურვებ თანამშრომლობას, გეტყვი რითი დავიწყებთ. თუ არ გენდომება თანამშრომლობა, არც ეგ არის პრობლემა.
არანაირი ზეწოლა ან უხერხული მომენტი.
მისაღებია? მაშინ შეავსე განაცხადი და 24 საათის განმავლობაში უკვე დაგიბრუნდებით პასუხით.