დაბუსტვა თუ Ads Manager: როგორ გავუშვათ რეკლამა ფეისბუქზე სწორად?
დაბუსტვა მზა პოსტის გავრცელების უმარტივესი გზაა. თუ განაცხადები ან გაყიდვები გინდა, რეკლამა Ads Manager-ში ააწყე და ტექსტი ჯერ პატარა კამპანიაში შეამოწმე.

ოქტომბერში ჩვენს ერთ კლიენტს, იურიდიულ ფირმას, Meta-მ რეკლამა უარყო. მიზეზი მოკლედ ეწერა: „Unacceptable business practices", ანუ მიუღებელი ბიზნეს-პრაქტიკა.
მთელ ტექსტში პრობლემა ერთი ხაზი იყო: რა უნდა უთხრა პოლიციას. Meta-მ ის ისე წაიკითხა, თითქოს ხალხს კანონისთვის გვერდის ავლაში ვეხმარებოდით. იგივე გზავნილი სხვა კამპანიაში უპრობლემოდ გავიდა. (ადვოკატისთვის ეს ყველაზე ჩვეულებრივი კითხვაა. Meta-სთვის, როგორც ჩანს, არა.)
ერთი ხაზი. Meta რეკლამის ყველა ხაზს კითხულობს, შენ კი რეკლამას ხშირად ერთი ღილაკით უშვებ: „Boost". შემდეგ 3 წუთში გაჩვენებ, რა არის დაბუსტვა, რით განსხვავდება ის Ads Manager-ისგან და როგორ გავუშვათ რეკლამა ფეისბუქზე ისე, რომ ფული ფუჭად არ გაისროლო.
ჯერ ერთი სურათი წარმოიდგინე. ფოტოაპარატზე ავტომატურ რეჟიმს რომ ჩართავ, აპარატი ყველაფერს თავად წყვეტს: სინათლეს, ფოკუსს, სიჩქარეს. ნორმალური ფოტო გამოდის. პროფესიონალი ფოტოგრაფი კი ხელით რეჟიმზე იღებს, რადგან ზუსტად იცის, რომელი კადრი უნდა.
დაბუსტვა ავტომატური რეჟიმია. Ads Manager ხელით რეჟიმი.
რა არის დაბუსტვა?
დაბუსტვა ნიშნავს, რომ შენს გვერდზე უკვე გამოქვეყნებულ პოსტს, სთორის ან რილსს ფულს უხდი, რომ ის მეტმა ადამიანმა ნახოს. თავად Meta-ს განმარტებით, ეს პოსტის გავრცელების ყველაზე მარტივი გზაა, და ის მაინც რეკლამად ითვლება: ინვოისშიც რეკლამად გიწერია.
დაბუსტვისას ირჩევ მიზანს (შეტყობინებები, ჩართულობა ან საიტზე გადასვლები), ტექსტს, ვადას, ბიუჯეტს და სად გამოჩნდეს. ხუთი წუთი და მზადაა.
სწორედ ესაა მისი ძალაც და სისუსტეც. ავტომატური რეჟიმივით, სწრაფად მუშაობს, მაგრამ დეტალებს შენ მაგივრად წყვეტს.
რით განსხვავდება დაბუსტვა Ads Manager-ისგან?
დაბუსტვა ერთ მზა პოსტს ავრცელებს. Ads Manager-ში კი რეკლამას ნულიდან აწყობ: შენ ირჩევ მიზანს, აუდიტორიას, ფორმატს და ბიუჯეტს, და თითოეულს ცალ-ცალკე აკონტროლებ.
მთავარი განსხვავება მიზანშია. Meta-ს მიხედვით, დაბუსტვა საიტზე გადასვლებს, გვერდის ჩართულობას და ადგილობრივ პრომოს გთავაზობს. Ads Manager-ში კი შეგიძლია აირჩიო განაცხადები (ლიდები) და გაყიდვები, ანუ ის, რაც ბიზნესს რეალურად სჭირდება.
მერე აუდიტორიაა. დაბუსტვისას ინტერესებს, ასაკს და სქესს ირჩევ. Ads Manager-ში შეგიძლია ააწყო მსგავსი აუდიტორია (Lookalike) იმ ხალხის მიხედვით, ვინც უკვე გიყიდა, და აუდიტორიები ერთმანეთთან შეუთავსო. ზოგი დეტალური სამიზნე პარამეტრი კი, Meta-ს თქმით, დაბუსტვაში საერთოდ არ არის.
და ბოლოს, ციფრები. Meta თავად წერს, რომ კამპანიის შექმნა, ბიუჯეტის პარამეტრები და შედეგების მაჩვენებლები მხოლოდ Ads Manager-შია. ფოტოაპარატის ენაზე: ავტომატურ რეჟიმში სურათს ხედავ, მაგრამ ვერ ხედავ, რატომ გამოვიდა ასე.
დაბუსტვა პოსტს ავრცელებს. Ads Manager კლიენტს ეძებს.
როდის არის დაბუსტვა საკმარისი?
დაბუსტვა საკმარისია, როცა მიზანი ნახვები და ჩართულობაა: ახალი პოსტი, ღონისძიების ანონსი ან გვერდის გაცნობა მეტი ადამიანისთვის. Meta-ც სწორედ ამისთვის გირჩევს, ჩართულობისა და ცნობადობისთვის.
მაგალითად, ახალ ფილიალს ხსნი და გინდა, რომ მთელმა უბანმა გაიგოს. დაბუსტვა გამოგადგება. მაგრამ თუ გინდა, რომ იმავე კვირაში ჯავშნები შემოვიდეს, ეს უკვე Ads Manager-ის საქმეა.
შეიძლება იკითხო, თუ დაბუსტვაც რეკლამაა, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან გავუშვებ? იმიტომ, რომ Meta იმას გიპოვის, რასაც სთხოვ. მოწონებები თუ სთხოვე, მოწონებებს მოგიტანს და არა ზარებს.
ამიტომ, თუ ზარები ან გაყიდვები გჭირდება, დაბუსტვაზე ფულს ნუ დახარჯავ. ჩათვალე, რომ ქორწილს ავტომატურ რეჟიმზე იღებ: რაღაც გამოვა, მაგრამ ის კადრი, რაც გინდოდა, არა.
როგორ გავუშვათ რეკლამა ფეისბუქზე Ads Manager-ით?
Ads Manager-ში რეკლამა სამი დონისგან შედგება: კამპანია (მიზანი), რეკლამის ჯგუფი (აუდიტორია, ბიუჯეტი, განთავსება) და თავად რეკლამა (ვიზუალი და ტექსტი). ჯერ მიზანს ირჩევ, მერე წყვეტ, ვინ ნახავს და რა ბიუჯეტით, ბოლოს კი იმას, რას ნახავს.
ახლა ის ნაწილი, რასაც ბევრი გამოტოვებს. ახალი ტექსტი ჯერ პატარა, სატესტო კამპანიაში გაუშვი და მერე ჩადე მთელი ბიუჯეტი. ფოტოგრაფიც ასე იქცევა: იღებს სატესტო კადრს, სანამ სტუმრები მოვლენ.
დასაწყისისთვის მხოლოდ ერთი კამპანია, ერთი აუდიტორია და ტექსტის ორი ვარიანტი. რამდენიმე დღეში დაინახავ, რომელი მუშაობს, და ფულს იმას მიუმატებ.
იურიდიული ფირმის ამბავიც სწორედ ამას გვასწავლის. Meta ყველა ხაზს კითხულობს და ერთი წინადადების გამო მთელ რეკლამას უარყოფს. თუ ტექსტი ჯერ პატარა კამპანიაში შეამოწმე, უარს იქ მიიღებ და არა მთავარი გაშვების დღეს.
თუ Meta-მ რეკლამა უარყო, მიზეზი ბოლომდე წაიკითხე და ჯერ ის ერთი ხაზი შეცვალე. მთელი რეკლამის თავიდან აწყობა იშვიათად გჭირდება.
ჯობს თავად ვისწავლო, თუ სააგენტოს მივანდო?
თუ კვირაში რამდენიმე საათი გაქვს და რეკლამის მართვა თავად გინდა, ისწავლე. თუ ეს დრო შენს ბიზნესს უფრო სჭირდება, მიანდე მას, ვინც რეკლამას ყოველდღე უშვებს. ორივე გზა გაამართლებს, თუ ავტომატურ რეჟიმზე აღარ დარჩები.
ჩვენთან, Concept Nile-ში, Meta რეკლამის ინდივიდუალური ონლაინ კურსი 350₾-დან იწყება. 350₾ ერთჯერადი დახმარებაა, შენი არსებული რეკლამისა და გვერდის აუდიტით, მათთვის, ვინც უკვე უშვებს რეკლამას, მაგრამ ვერ ხვდება, სად უშვებს შეცდომას. 750₾ 3-დღიანი კურსია, 1250₾ კი სრული 5-დღიანი, რეტარგეტინგისა და Pixel-ის ჩათვლით, თუ ნულიდან იწყებ. რომელი გერგება შენ, აქ ნახე: Meta Ads კურსი და ფასები.
თუ გირჩევნია, რეკლამა ჩვენ ვმართოთ, ქვემოთ P.S. სწორედ ამისთვისაა.
დასკვნა
დაბუსტვა ცუდი არ არის. ის ავტომატური რეჟიმია: სწრაფი და პოსტის გასავრცელებლად სავსებით საკმარისი. როცა კლიენტები გჭირდება, ხელით რეჟიმზე გადადი, ჯერ სატესტო კადრი გადაიღე და მხოლოდ მერე ჩადე მთელი ბიუჯეტი.
ღილაკი, რომელიც ყველაფერს შენ მაგივრად წყვეტს, შენი ბიზნესის მიზანს არ იცნობს.
შემდეგ შეხვედრამდე,
რატი
P.S. გაინტერესებს ჩვენ რას გავაკეთებდით შენთვის?
დაგვიკავშირდი დღესვე და თუ შევეფერებით, მე თავად მოვხაზავ გეგმას, თუ რისი გაუმჯობესება შეიძლება შენთვის, შემდგომ კი დეტალურად გაგაცნობ ტელეფონზე.
ამის შემდეგ, თუ მოისურვებ თანამშრომლობას, გეტყვი რითი დავიწყებთ. თუ არ გენდომება თანამშრომლობა, არც ეგ არის პრობლემა.
არანაირი ზეწოლა ან უხერხული მომენტი.
მისაღებია? მაშინ შეავსე განაცხადი და 24 საათის განმავლობაში უკვე დაგიბრუნდებით პასუხით.