რეკლამა მუშაობს, გაყიდვა კი არა? პრობლემა კარს იქითაა
ნახვები გაქვს, დაწკაპუნებებიც, ზოგი წერს კიდეც. გაყიდვა კი არ არის. ხშირად რეკლამა კი არა, კარს იქით მომხდარი კლავს შედეგს. აი, ორი შემოწმება.

რეკლამა გაუშვი. ნახვები მოვიდა, საიტზეც შემოდიოდნენ და რამდენიმემ მოგწერა კიდეც.
თვე დამთავრდა. გაყიდვა კი სამია.
პირველი აზრი, რაც თავში მოგდის, თითქმის ყველას ერთი და იგივე აქვს: „რეკლამა არ მუშაობს". ხოლო პირველი, რასაც აკეთებ, კამპანიის გამორთვაა.
და სწორედ აქ იწყება ყველაზე ძვირი შეცდომა.
შემდეგ 3 წუთში გაჩვენებ, როგორ გაარკვიო, მართლა რეკლამაშია პრობლემა თუ კარს იქით, და ორ შემოწმებას, რომელსაც ამ კვირაშივე გააკეთებ.
რეკლამის საქმე კარამდეა
ჩათვალე, კაცი დაიქირავე, რომელიც რუსთაველზე დგას და შენს მაღაზიაში ხალხს იწვევს.
თავის საქმეს კარგად აკეთებს: დღეში ასი კაცი შემოგიყვანა.
შიგნით კი ისეთი რამ ხდება, რაზეც ის პასუხს არ აგებს. გამყიდველი ტელეფონშია, ფასი არსად წერია და ის, რაც კარებთან დაპირდნენ, დახლზე საერთოდ არ დევს. ასი კაციდან ოთხმოცდაათი უკან გამობრუნდა.
თვის ბოლოს ვის ათავისუფლებ? კარებთან მდგარ კაცს.
ონლაინში ზუსტად ასე ხდება, უბრალოდ იმ ოთხმოცდაათ კაცს ვერ ხედავ. ისინი ისე მიდიან, რომ არც ერთი კვალი არ რჩება.
რეკლამა კარამდე მოგიყვანს კლიენტს. გაყიდვა კი კარს იქით ხდება.
ყველაზე ძვირი შეცდომა: მომუშავე რეკლამის გამორთვა
როცა გაყიდვა არ არის, პირველი მსხვერპლი თითქმის ყოველთვის რეკლამაა. თიშავ და ჩათვლი, რომ ფული დაზოგე.
სინამდვილეში კი ხშირად სწორედ ის ერთადერთი ნაწილი გამორთე, რომელიც მუშაობდა. ხალხი აღარ მოდის, ის სამი გაყიდვაც ქრება, ხოლო პრობლემა, რომელიც კარს იქით იყო, იქვე დარჩა და გელოდება.
შეიძლება იკითხო, საიდან უნდა ვიცოდე, რომელი მხარეა დამნაშავე? ამაზე გეტყვი, რომ ეს ორ მარტივ შემოწმებაში ჩანს და ორივეს თვითონ გააკეთებ, ყოველგვარი პროგრამის გარეშე.
1. დათვალე, სად ცვივა ხალხი
ერთი კვირა და ოთხი ციფრი. სულ ეს არის.
ჩაწერე: რამდენმა დააჭირა რეკლამას, რამდენმა მოგწერა ან დაგირეკა, რამდენს უპასუხე იმავე დღეს და რამდენმა იყიდა.
ჩათვალე, ასე გამოგივიდა: 400-მა დააჭირა, 26-მა მოგწერა, 9-ს უპასუხე იმავე დღეს და 2-მა იყიდა.
ახლა ამ ციფრებს ერთად შეხედე და თვითონვე დაინახავ, სად იღვრება.
თუ 400 შემოვიდა და მხოლოდ 26-მა მოგწერა, პრობლემა რეკლამაში კი არა, იმ გვერდზეა, რომელიც დაწკაპუნების შემდეგ დაუხვდათ.
ხოლო თუ 26-მა მოგწერა და მხოლოდ 9-ს უპასუხე იმავე დღეს, მაშინ რეკლამა შენს საქმეს აკეთებს და ფული პასუხის დაგვიანებაში იკარგება.
ერთი კვირის ოთხი ციფრი იმას გეტყვის, რასაც ექვსი თვის ვარაუდი ვერ გეტყვის.
2. კარს იქით იგივე დაპირება ხვდება?
აიღე ტელეფონი, იპოვე შენივე რეკლამა და დააჭირე ისე, თითქოს პირველად ხედავ.
ერთადერთი კითხვა: პირველივე ეკრანზე იგივე დაპირება გხვდება, რაც რეკლამაში ეწერა?
რეკლამაში წერია „საწოლები 30%-ით იაფად". კლიენტი აჭერს და მთავარ გვერდზე ხვდება, სადაც სამზარეულოს ავეჯია, დივნებია და გასული აქციის ბანერი კიდია. საწოლი კი სადღაც მესამე გვერდზეა.
ის შენს კატალოგს ძებნას არ დაუწყებს. უკან გამობრუნდება და ის დაწკაპუნება ფუჭად გასროლილი ხარჯი გახდა.
იგივე ხდება მიმოწერაშიც. თუ რეკლამაში წერია „მოგვწერეთ და ფასს გეტყვით", ხოლო პასუხად ადამიანი იღებს „მოგვწერეთ თქვენი მონაცემები და დაგიკავშირდებით", დაპირება იქვე გატყდა.
კლიენტი იმას ეძებს, რაც დაპირდი. თუ პირველივე ეკრანზე არ დახვდა, უკან ბრუნდება.
წესი მარტივია: სადაც აჭერს, იქვე უნდა დახვდეს ის კონკრეტული პროდუქტი, ის ფასი და ის ერთი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას. (და მერე აღარ გაგიკვირდება, რატომ „არ ყიდულობს" ეს ხალხი.)
დასკვნა
რეკლამა იშვიათად არის მთლად ცუდი ან მთლად კარგი. ის ერთ საქმეს აკეთებს: ხალხს კარამდე მოგიყვანს.
ამიტომ სანამ ბიუჯეტს გაზრდი ან კამპანიას გამორთავ, ერთი კვირა დაუთმე იმ ოთხ ციფრს და ერთხელ თვითონ გაიარე შენივე რეკლამის გზა ტელეფონიდან.
თითქმის ყოველთვის ერთი ადგილია, სადაც ხალხი ცვივა. და თითქმის ყოველთვის ის ადგილი კარს იქითაა.
სანამ მეტ ხალხს მოიყვან, ჯერ ის შეაჩერე, ვინც უკვე მოვიდა და წავიდა.
შემდეგ შეხვედრამდე,
რატი
P.S. გაინტერესებს ჩვენ რას გავაკეთებდით შენთვის?
დაგვიკავშირდი დღესვე და თუ შევეფერებით, მე თავად მოვხაზავ გეგმას, თუ რისი გაუმჯობესება შეიძლება შენთვის, შემდგომ კი დეტალურად გაგაცნობ ტელეფონზე.
ამის შემდეგ, თუ მოისურვებ თანამშრომლობას, გეტყვი რითი დავიწყებთ. თუ არ გენდომება თანამშრომლობა, არც ეგ არის პრობლემა.
არანაირი ზეწოლა ან უხერხული მომენტი.
მისაღებია? მაშინ შეავსე განაცხადი და 24 საათის განმავლობაში უკვე დაგიბრუნდებით პასუხით.