სათაური, რომელიც ნახვებს კლიენტებად აქცევს | Concept Nile
ბლოგი
3 min read

სათაური, რომელიც ნახვებს კლიენტებად აქცევს

რეკლამაში ფულს დებ, ვიზუალი მაგარია, მაგრამ არავინ ჩერდება? პრობლემა ხშირად პირველ ხაზშია. აი, როგორ დაწერო სათაური, რომელსაც ხალხი აჰყვება.

წარმოიდგინე: ვიზუალზე დახარჯე დროც და ფულიც. ფოტოგრაფი, დამუშავება, ლამაზი ფერები, ყველაფერი ადგილზეა. აჭერ „გამოქვეყნებას" და ელოდები. მაგრამ ხალხი ჩააქროლებს, თითქოს რეკლამა იქ არც ყოფილა.

შეიძლება იფიქრო, პრობლემა ვიზუალშია. ხშირად კი პრობლემა პირველ ხაზშია, სათაურში.

შემდეგ 3 წუთში გაჩვენებ, რატომ ვერ აჩერებს ხალხს შენი სათაური და როგორ დაწერო ისეთი, რომელსაც ხალხი აჰყვება.

საუკეთესო ფუნთუშა, რომელსაც არავინ ყიდულობს

ერთი მაგალითი გავიხსენოთ. წარმოიდგინე საცხობი, სადაც ქალაქის საუკეთესო ფუნთუშას აცხობენ. ნამდვილად საუკეთესოს. მაგრამ ვიტრინაზე მშრალი წარწერა ადევს: „ფუნთუშა №7".

ხალხი ჩაივლის, თვალს გადაავლებს და გზას გააგრძელებს. „№7" არავის არაფერს ჰპირდება. ვერავინ ხვდება, რა არის ის და რატომ უნდა შეჩერდე.

ახლა წარმოიდგინე, იმავე ფუნთუშას ვიტრინაზე დაარქვან „ანგელოზის კოცნა". იგივე ცომი, იგივე ფასი, იგივე გემო. მაგრამ ახლა ხალხი ჩერდება, იღიმის და ყიდულობს.

პროდუქტი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის ერთი ხაზი, რომელიც პირველი ხვდება თვალში.

ზუსტად ასეა შენი რეკლამაც. სასურველი კლიენტი ჯერ პროდუქტს კი არა, სათაურს ხედავს. თუ სათაურმა ვერ გააჩერა, დანარჩენს ვეღარც ნახავს, რაც არ უნდა კარგი იყოს.

სათაური = რეკლამა შენი რეკლამისთვის

ჩათვალე, სათაური ცალკე პატარა რეკლამაა. მისი ერთადერთი საქმეა, ხალხი გააჩეროს და შემდეგ ხაზამდე მიიყვანოს. თუ ეს ვერ მოახერხა, დანარჩენ ტექსტს ვერავინ წაიკითხავს. სხვა საქმე მას არ აქვს.

ორი მთავარი რამ ხდის სათაურს ისეთს, რომ ხალხმა შეჩერება ვერ აიცილოს.

1. დაპირდი კონკრეტულ სარგებელს

ვინც სქროლავს, მას საკუთარი თავი უფრო აინტერესებს, ვიდრე შენი ბრენდი. ამიტომ სათაური შენზე კი არა, იმაზე უნდა ლაპარაკობდეს, რასაც კლიენტი მიიღებს.

შეადარე ორი ხაზი. „ჩვენ ვართ მარკეტინგული სააგენტო თბილისში" — ეს შენზეა და არავის აინტერესებ. „როგორ მიიღო მეტი კლიენტი Facebook-იდან ამ კვირაშივე" — ეს კლიენტზეა და მას აინტერესებს.

რაც უფრო კონკრეტულია სარგებელი, მით უკეთესი. „მეტი კლიენტი" კარგია, „მეტი კლიენტი ამ კვირაშივე" კიდევ უკეთესი. რიცხვი და ვადა ხაზს რეალურს ხდის.

2. გააღე კარი, ნუ დახურავ

მეორე მთავარი რამ ცნობისმოყვარეობაა. კარგი სათაური ინტერესს აღვიძებს, მაგრამ პასუხს ბოლომდე არ ამბობს. ის კარს აღებს და შენ თავად გინდება, შიგნით შეიხედო.

მაგალითად: „ერთმა პატარა ცვლილებამ ჩვენს კლიენტს გაყიდვები გააორმაგა". ხაზი გპირდება შედეგს, მაგრამ არ ამბობს, კონკრეტულად რა ცვლილება იყო. სწორედ ეს „რა?" გაწევს ტექსტში.

კარგი სათაური ყველაფერს კი არ ამბობს. ის ერთ კითხვას აჩენს, რომელზეც პასუხი მხოლოდ ტექსტშია.

ოღონდ ერთი წესი: ის, რასაც სათაურში ჰპირდები, ტექსტში აუცილებლად უნდა შესრულდეს. თუ დაჰპირდი და არ შეასრულე, ხალხი მეორედ აღარ დაგიჯერებს.

დასკვნა

შენი პროდუქტი შეიძლება მთელ ბაზარზე საუკეთესო იყოს. მაგრამ თუ სათაური სუსტია, ხალხი მას თვალსაც ვერ გაუსწორებს.

ჯერ სათაური ყიდის შენს რეკლამას. მხოლოდ ამის შემდეგ ყიდის რეკლამა შენს პროდუქტს.

ამიტომ, სანამ შემდეგ რეკლამას გაუშვებ, ერთი წუთით გაჩერდი პირველ ხაზზე. ჰკითხე საკუთარ თავს: „ეს ხაზი უცხო ადამიანს გააჩერებდა?" თუ პასუხი „არა"-ა, ჯერ სათაურზე იმუშავე. დანარჩენი მერეა.

შემდეგ შეხვედრამდე,
რატი

P.S. გაინტერესებს ჩვენ რას გავაკეთებდით შენთვის?

დაგვიკავშირდი დღესვე და თუ შევეფერებით, მე თავად მოვხაზავ გეგმას, თუ რისი გაუმჯობესება შეიძლება შენთვის, შემდგომ კი დეტალურად გაგაცნობ ტელეფონზე.

ამის შემდეგ, თუ მოისურვებ თანამშრომლობას, გეტყვი რითი დავიწყებთ. თუ არ გენდომება თანამშრომლობა, არც ეგ არის პრობლემა.

არანაირი ზეწოლა ან უხერხული მომენტი.

მისაღებია? მაშინ შეავსე განაცხადი და 24 საათის განმავლობაში უკვე დაგიბრუნდებით პასუხით.

📧 უფასო ანალიზის მოთხოვნა